კერძო სახლის ან აგარაკის ეზოს მოვლა/დასუფთავება, ერთ-ერთი საჭირო და აუცილებელი პროცესია. სუფთა და მოვლილი ეზო თქვენს ესთეტიკურ მხარეს უსვამს ხაზს, ჯერ ეზოს ხედავ, მერე სახლს და შემდეგ ადამიანებს ხვდები, სწორედ ამიტომ გარემოს მოვლა და მოწყობა აუცილებელია. კერძო სახლის მეპატრონეები დამეთანხმებიან, რომ ეზოს მოწყობა და დასუფთავება, საკმაოდ, შრომატევადი საქმეა.
-ზოგს ასფალტი აქვს დასხმული, ზოგი მარმარილოს ან მეტლახს აგებს, ზოგს კი დაბალი გაზონი და ვიწრო ბილიკები მოსწონს. სამივე მათგანს კი სპეციფიკური მოვლა და დასუფთავება სჭირდება.
-ბალახის/გაზონის არსებობის შემთხვევაში, სასურველია, თუ სარწყავ მოწყობილობას დააყენებთ, ის დროდადრო დანამავს მას, ამით ბალახს სინორჩეს და სიხასხასეს შეუნარჩუნებთ. ბალახზე ჩამოყრილი ფოთლები სპეციალური „ფოცხით“ ბრთხილად მოაგროვეთ, ისე რომ ბალახი არ დაზიანდეს და შემდეგ აიღეთ. შესაძლებელია სპეციალური მტვერსასრუტის გამოყენებაც.
-ასფალტიდან შედარებით ადვილია ჩამოყრილი ნაგვის აკრეფვა, თქვენ ჩვეულებრივი ან ეზოს ცოცხის გამოყენება შეგიძლიათ. მზიან ამინდში და ზაფხულის ცხელ საღამოს კი რეზინის მოქნილი სარწყავი მილით გააგრილეთ ეზო. აუცილებელია გქონდეთ ე.წ „ტრაპი“, საიდანაც დაგროვებული წყალი თავისუფლად გავა.
-მარმარილოთი მოპირკეთებული ეზოს დასუფთავებაც ცოცხით და წყლით არის შესაძლებელი, ამ დროს თქვენ სპეციალური საწმენდი საშუალებების გამოყენებაც შეგიძლიათ. (ქიმიური საშუალებები მოარიდეთ ყვავილებს)
-ეზოს უხდება ფერადი ყვავილები და ლამაზი ქოთნები, თუ გაქვთ მიწა და ის ყვავილების დარგვის საშუალებას მოგცემთ ჩარგეთ ფერადი და ლამაზი ყვავილები, თუ თქვენი ეზო არ არის მიწიანი და ასფალტი გაქვთ დასხმული, თავად შექმენით დიდი ქოთნები, ამისთვის შეგიძლიათ პადონები გამოიყენოთ(სამშენებლო პალეტი), ასევე შეგიძლიათ რეზინის „საბურავები“ გადაღებოთ და მორთოთ. ყვავილები აუცილებელია, როგორც ესთეტიკური მხარის მოსაწყობად, ასევე ისინი თქვენს ეზოს ჟანგბადით მოამარაგებენ. ხშირად აკონტროლეთ ყვავილები, მოაშორეთ სარეველა ბალახი და გამხმარი ტოტები, მოუვლელი ყვავილები არაესთეტიკურად გამოიყურებიან.
-მომწონს ტენდენცია, როდესაც ეზოში კენკროვანი ხილის ბუჩქებს რგავენ, ან ჯუჯა ხეებს ახარებენ, ასეთ დროს თქვენ ალამაზებთ ეზოსაც და სეზონურად მიირთმევთ უსასუქოდ მოყვანილ კენკრასაც.
-ხშირად, ეზოს დასაჩრდილად ხეივანს აკეთებენ, ეს საშუალებას მოგცემთ ეზო თემატურად მოაწყოთ ქვევრებით,ძველი ნივთებით, აქსესუარებით და ხის ფანჩატურით.
-ბევრს თანამედროვედ მოწყობილი ეზო მოსწონს, ე.წ „ბოჰემურ“ სტილში, საკუთარი ხელით პადონებისგან აკეთებენ მაგიდას და სკამებს, რომლებსაც არბილებენ ღრუბლით და ნაჭრით, საკუთარი ხელით აკეთებენ განათებას, ჩამოკიდებულ შუშის ქილებში ან რამდენიმე ჩვეულებრივ ნათურას კიდებენ. ასევე პადონებით აკეთებენ თაროებს და იქ სხვადასხვა საინტერესო ნივთს დებენ. სასურველია, რომ მაგიდით და სკამებით მოწყობილი ადგილი გადახურული გქონდეთ, ასეთ დროს სტუმრებს მიიღებთ, როგორც წვიმაში, ასევე მზეში. დამერწმუნეთ, თქვენი ეზო თქვენი მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილი გახდება.
-ეზოს უხდება პატარა აუზი, რომელშიც თევზებს იყოლიებთ, რა თქმა უნდა, მასაც მუდმივი წმენდა სჭირდება ნადებისგან და ჩაცვენილი ფოთლებისგან.
დაბოლოს სუფთა და მოვლილ ეზოში „კაპუჩინოს“, ბალახების ჩაის, ჭიქა ღვინის ან ალუდის მირთმევა მეტად სასიამოვნოა, ეს ასევე რელაქსაციის კარგი საშუალებაა.